ზანგეზურის ახალი სავაჭრო მარშრუტის გარეშე ლოგისტიკაზე საუბარი დღეს არ შეიძლება, - ამის შესახებ გადაცემა “ანალიტიკაში” “თიბისი კაპიტალის” უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ განაცხადა და დასძინა, რომ “ზანგეზურის დერეფანი” იქნება ცალსახად საქართველოს ალტერნატივა, თუმცა, იქნება თუ არა იგი ჩვენი შემავსებელი მარშრუტი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის ტვირთი გაივლის შუა დერეფანზე.

“ჩვენი გამტარუნარიანობა შუა დერეფნის ჭრილში არის 6 მლნ ტონა და იგეგმება, რომ გაიზარდოს 12 მლნ ტონამდე. ზანგეზურის დერეფანზე ჯერ მწირი ინფორმაციაა იმისათვის, რომ ცხადი წარმოდგენა შევიქმნათ, სად ვიქნებით კონკურენტული, შეგვავსებს თუ პირიქით - ალტერნატივას შექმნის. დღეს რაც ვიცით, არის ის, რომ 15 მლნ ტონის გატარების პოტენციალი ექნება და სავარაუდოდ, უფრო მოკლე მარშრუტი იქნება. თუმცა ამაზეც სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი წყარო ამბობს, რომ 10 კმ-ით ნაკლები, ზოგის თქმით - 50კმ-ით, ზოგ 350 კმ-ით ნაკლები იქნება. ძალიან დიდია ბუნდოვანება.

ჩვენი ტრანზიტის 8% აზერბაიჯანი-თურქეთის ნაკადზე მოდის, შემდეგ არის ცენტრალური აზია-თურქეთის ნაკადი 8-9%-ია. ესენი ჩვენი ტრანზიტის დაახლოებით 17%-ია. ვფიქრობთ, რომ ეს ნაკადები, არის განსაკუთრებით მოწყვლადი, რომ გადაერთოს ზანგეზურის ნაკადზე. თუ სომხეთიდან ტვირთებზეც ვისაუბრებთ, აქაც გარკვეული რისკები არსებობს”, - აცხადებს ირინა კვახაძე.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში ჩნდება კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი.

“რეცეპტი არის ტემპი და არაეფექტურობების აღმოფხვრა. ვიცით, ჩვენ რა შემზღუდავი ფაქტორები გვაქვს: პორტების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად განხორციელება. ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა”, - დასძინა მან.

bm.ge