„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მსხვილი ინვესტიციები ბევრი არ განხორციელებულა  და პროექტის მასშტაბურობა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. ეს არის ნათელი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მაღალ დონეზე კოორდინაციის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში  ახალი ინდუსტრია ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ახალი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის სხვა წევრებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს. ის ყველაზე მსხვილ კერძო საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში - სრული საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარამდეა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პირველი ფაზის შემთხვევაში საუბარია 1 მლნ ტონაზე მეტი პროდუქციის გამოშვებაზე. თუმცა, საბოლოოდ პროექტი  რამდენიმე ფაზად განვითარდება და ბოლო ეტაპზე საწარმო შეძლებს როგორც ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, ისე მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას, რომელიც მათ შორის, ევროპის ბაზარზე  იქნება ექსპორტირებული.

„ამ შემთხვევაშიც საუბარია იმ გეოგრაფიულ უპირატესობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს  და სწორედ ეს უპირატესობა გვაძლევს საფუძველს, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი, კომერციულად წარმატებული პროექტი - ნავთობგადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას. ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში უნიკალური პროექტია. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება  ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ენერგორესურსებზე მოთხოვნა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც ქარხნის პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, ის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით იქნება აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საწარმოს განვითარება სრულადაა თანხვედრაში გარემოს დაცვით  უმაღლეს სტანდარტებთან. ქარხანა ფუნქციონირებას 2025 წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად  1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას გეგმავს.

„ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება ეპოქალურია, ეს არ არის შემთხვევითი, რიგითი პროექტი, ასეთი მასშტაბის საწარმოები შეიძლება, საუკუნეში ერთი იქმნებოდეს. როცა საუბარია საქართველოში ეკონომიკურ წინსვლაზე, ეკონომიკის ზრდაზე, როცა საუბარია - ხორციელდება თუ არა ახალი ინვესტიციები ქვეყანაში და იქმნება თუ არა ახალი საწარმოები, მათ შორის სპეკულაციის თემა იყო - რამდენი ახალი საწარმო შეიქმნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად თითოეული საწარმო, რომელიც სახელმწიფოს თანამონაწილეობით არის შექმნილი, აღრიცხული გვყავს და ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა, ყველასთვის ხელმისაწვდომი. თუმცა, ასეთი ტიპის საწარმოები, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთეულები იყოს, რადგან ის ახალი დარგის განვითარების საფუძველია. აქ საუბარია  ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაზე, ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე ჩვენს ქვეყანაში და საბოლოოდ სხვადასხვა ეტაპების განხორციელების შემდეგ, მათ შორის ქვეყანაში ნავთობქიმიის განვითარებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სოციალურ მნიშვნელობას რეგიონისთვის - საწარმო უკვე პირველ ეტაპზე რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. „მადლობა „ბლექ სი პეტროლიუმის“ ხელმძღვანელობას ასეთი ინვესტიციებისთვის. ჩვენი მხრიდან მუდმივად გექნებათ მხარდაჭერა, რომ საწარმო წარმატებული იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს