„ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მშენებლობის სექტორში ფასთა ინდექსაცია არ გააჩნია“ - ამის შესახებ „ბლექ სი გრუპის“ დირექტორმა ამირან მამუჭაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
შეგახსენებთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს შორის რამდენიმე შეხვედრას გაიმართა. ამ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ სავალდებულო ფასთა ინდექსაციის შემოღება იყო.
ფასთა ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემდეგ, თუ რომელიმე პროდუქცია, მაგალითად, სამშენებლო მასალები გაძვირდება, სახელმწიფომ დააკომპენსიროს ცვლილება და პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაზარდოს ან შეამციროს.
როგორც ამირან მამუჭაძე აღნიშნავს, ფასთა ინდექსაციის შემოღებამდე მნიშვნელოვანია საპროექტო ნაწილში არსებული ხარვეზების გადაჭრა, რადგან ფასის კორექტირება ნაწილობრივ გამოწვეულია არასწორი პროექტირებით. მამუჭაძის თქმით, პროექტირების ნაწილის მოგვარებაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
„სულ იყო მსჯელობა ფასთა ინდექსაციაზე, მაგრამ წინ ვერ მივდიოდით ხოლმე. ინდექსაციამდე რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი - პირდაპირ ინდექსაცია ვერ ჩამოყალიბდება, თუ არ იქნება ჩამოყალიბებული ტექნიკურ ნორმატიული აქტები. მომავალში რომ გქონდეს სწორი ფასთა ინდექსაციის პოლიტიკა, საბაზისო ნაბიჯები იდგმება ახლა. ადრევე დაიწყო მუშაობა სამშენებლო ნორმატიული აქტების საერთო პოლიტიკის შემოღებაზე, ახლა კი დაწყებულია ფასთა სწორი კვლევის პოლიტიკის შემუშავება.
აქამდე არსებობდა წიგნი, სადაც მოცემული იყო ფასები, რომელიც ვერ ასახავდა დღევანდელ საბაზრო ღირებულებას, განსაკუთრებით ეს პრობლემურია „კოვიდის“ და ომის შემდეგ [ავტ. შენიშვნა: იგულისხმება რუსეთ-უკრაინის ომი]. მაგრამ ახლა უშუალოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან იქნა გაჟღერებული, რომ ფასთა კვლევა იქნება გაცილებით სწორი, კომპანიებისგან მიიღებენ ინფორმაციას და სამხარაულის ეროვნული ბიუროც იქნება ჩართული. საბოლოოდ მივიღებთ საზრიან საბაზრო ფასს, რომლის პირობებშიც კომპანია განვითარდება და შეძლებს ტექნიკურ გადაიარაღებას, გადასახადების გადახდას და განვითარებას. ეს არის კარგი ნაბიჯი და ბერკეტი, რომ ინდექსაცია უკეთესად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დაწყებამდე შემუშავებული იყოს სწორი და ხარისხიანი პროექტი. შეხვედრებზე დავინახე, რომ საპროექტო ორგანიზაციების ნაწილშიც აპირებენ საკმაოდ დიდ მხარდაჭერას და სწორი მიდგომის ჩამოყალიბებას, რათა ადგილობრივ ბაზარზე ქართული საპროექტო ორგანიზაციები განვითარდნენ და სწორი პროექტი შექმნან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მშენებლობის ნაწილში ხარისხის პრობლემა და ვადები დამოკიდებული არის სწორედ საპროექტო გადაწყვეტილებასა და შემდეგ მშენებლობის პროცესზე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ამირან მამუჭაძემ.