თბილისში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საბაგიროს ახალი გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს.
„დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო და რთული რეფორმა გვაქვს წამოწყებული, თუმცა, თქვენი, თბილისელების გვერდით დგომით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აღნიშნული მიმართულება მთლიანად მოწესრიგებული იყოს. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ, ხოლო ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად, იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განვახორციელოთ.
საბაგირო გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებია. ეს ერთი მხრივ, ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს სწრაფ, ეკოლოგიურ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტს მოსახლეობისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში ხელს უწყობს საბაგიროს საზოგადოებრივ ტრანსპორტად დამკვიდრებას, საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს, ხელს უწყობს რთულად მისადგომი უბნების მომსახურებას. ასევე, უზრუნველყოფს მეტროსადგურებთან კავშირს, რაც სატრანსპორტო მისაწვდომობას ზრდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი საბაგიროებიდან ერთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ხოლო მეორე მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი იქნება.
„მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვისუბანსა და ახალ პარკს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში, დაახლოებით, 22 000 მგზავრს მოემსახურება. იგეგმება ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროსადგურ „ისანთან“ დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5-სადგურიანი იქნება და დღეში, დაახლოებით, 35 000 მგზავრს მოემსახურება.
გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად, ახალი საბაგირო გზა მოეწყობა. ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს