ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები ადგილზე დაათვალიერა. მინისტრი ახლადგახსნილ საბავშვო ბაღებს ეწვია და არქიტექტორებთან და მშენებლებთან ერთად წყალტუბოში დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო დეტალებს გაეცნო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში გაიხსნა 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად პასუხობს სკოლამდელი აღსაზრდელების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხო გარემოში განვითარების მოთხოვნებს. განახლებულ შენობაში მოწყობილია სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 2.4 მილიონი ლარი გამოყო.
სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქალაქ წყალტუბოში ახლად რეაბილიტირებულ, 200 ბავშვზე გათვლილ, №1 საბავშვო ბაღშიც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სკოლამდელიაღსაზრდელების განათლებისა და სოციალიზაციისთვის საჭირო ყველა სივრცეს, მათ შორის ადაპტირებულ შიდა და გარე ზონებს, სათამაშო და სპორტულ მოედნებს. პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.2 მილიონი ლარით დააფინანსა.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პარალელურად, წყალტუბოში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც. დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებში, წყალტუბოს არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ,აშენდება 6 ათასამდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი. პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედიაცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს. ახალი სტადიონი შეძლებს მათ შორის მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიებების მასპინძლობას.
წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრიც. მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და მოედნის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და რეგიონში სპორტის განვითარებას.
წყალტუბოში, ასევე დაგეგმილია რაგბის ორი, ხელოვნურ და ბუნებრივ საფარიანი სტადიონის მშენებლობა.
მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.