ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე 2026 წელს 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ ირკვევა თბილისის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან.
ბიუჯეტის მიხედვით, 7.5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მოეწყობა.
„ქვეპროგრამის მიზანია თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დანერგვა დიდ დიღომსა და დიდუბეს შორის ტრამვაის ხაზის მოწყობის გზით. დაგეგმილია დიდი დიღმიდან მეტრო/სადგურ „დიდუბის“ მიმართულებით 7,5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის (ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს) და დეპოს ინფრასტრუქტურის 20 მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულება Design-Build (DB) მეთოდით“, - ვკითხულობთ 2026 წლის ბიუჯეტში.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს თბილისის მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების თარიღი გაახანგრძლივა. კერძოდ, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, წინადადებების წარდგენის თარიღმა 2 თვით, 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია.
ელექტრონული შესყიდვა ოქტომბერში გამოცხადდა და პირველადი ვერსიით, წინადადებების მიღება 17 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო და 22 დეკემბერს დასრულებულიყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 416 592 000 ლარს შეადგენს.