თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის პაატა ტოგონიძის ინფორმაციით, თემქის ხევი წინასაარჩევნოდ, ოქტომბერში გაიხსნება. როგორც ტოგონიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სამუშაოების 95% ამ ეტაპზე დასრულებულია.

„თემქის ხევის მიმდებარედ ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა, დაახლოებით 25 ჰა ფართობია, სადაც სამუშაოების 95% უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დენდროლოგიური სამუშაოების დასრულება, ხარვეზების გამოსწორება.

პარკში მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, ორი მცირე ზომის ტბა, აშენდა მედიათეკა, საბავშვო სივრცე, ორი სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, კალათბურთის მოედანი, ასევე, სკეიტ პარკი.

პარკი დაყოფილია 2 ნაწილად და ამათი დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბი მოეწყო. დარგულია 70 ათასი ხე-მცენარე, ვგეგმავთ, რომ პარკი ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნას“, - განაცხადა ტოგონიძემ.

რაც შეეხება დიღმის ჭალების პროექტს, მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი განხორციელდება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტდება დაფინანსების წყარო - სესხი თუ ადგილობრივი ბიუჯეტი.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, წელს ბიუჯეტი 116 მლნ-ია, საიდანაც 33 მლნ ხმარდება მოვლა-პატრონობას, 83 კი ახალი სკვერების და პარკები აშენებასა და რეაბილიტაციისთვის იხარჯება.

„წლიდან წლამდე იზრდება ამ მიმართულებით ჩვენი ბიუჯეტი, 20 მლნ იყო 2017 წელს და ზრდა საკმაოდ მასშტაბურია. მიმდინარე წელს თემქის ხევის გარდა, დასრულდება კახეთის გზატკეცილზე შსს-ს მიმდებარედ 2 ჰა სკვერის მოწყობა, ასევე მუხიანში 1,5 ჰა-იანი სკვერი და გლდანში 1 ჰა ტერიტორიის მოწყობა. დაახლოებით 7-8 სკვერის დასრულებას ვგეგმავთ წლის ბოლომდე", - უთხრა BMG-ის პაატა ტოგონიძემ.

bm.ge