თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

ცნობისთვის, 2024 წლის თებერვალში თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ხმალაძე არქიტექტორების“ ტერმინალის არქიტექტურული პროექტი 296 000 ლარი დაჯდებოდა. იმავე წლის მაისში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ თელავის აეროპორტი 2025 წლის მაისისთვის პირველ ფრენებს მიიღებდა. თუმცა, მშენებლობა არც კი დაწყებულა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტის გათვალისწინებით, თელავის შიდა ფრენებისთვის განკუთვნილი აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია გახდა საჭირო.

რა ეტაპზეა თელავის აეროპორტის მშენებლობა

„თელავის ადგილობრივი დანიშნულების ახალი სამგზავრო ტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება. ვაზიანის უმსხვილესი პროექტის გათვალისწინებით, მოხდა თელავის შიდა ფრენებისთვის განკუთვნილი აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აეროპორტის პროექტირებასთან დაკავშირებული პროცესები.

განხორციელდა ტერიტორიის შესწავლა, შესაბამის უწყებებთან მიმდინარეობს პროექტში ტექნიკური გადაწყვეტილებების და დეტალების შეთანხმების პროცესი, ასევე აეროდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი მოსამზადებელი პროცესები. რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი. ხოლო ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

Bpn.ge