თბილისში, ურბანული წესრიგის და გარემოს დაცვის მიზნით, ახალი პროექტი – „მოტოინსპექცია“ ამოქმედდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქში ტურისტული და ისტორიული ზონების, ცენტრალური მოედნების და გამზირების იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას განახორციელებს.
„ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ახლა გვსურს, რომ თბილისის ცენტრში, ტურისტულ და ისტორიულ ადგილებში, წესრიგის დაცვის ღონისძიებები უფრო ეფექტურად მართოთ. ამიტომ, გვინდა, გავაცნოთ საზოგადოებას მუნიციპალური ინსპექციის ახალი პროექტი, რომელიც ოპერატიულად შეძლებს საჭირო რეაგირებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„მოტოინსპექცია“ აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამ პროექტის მიზანია, თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და კომფორტული, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.
„ტრიციკლები ძალიან ეფექტურია ურბანულ სივრცეში გადაადგილებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება. ამ პროექტში მონაწილე ინსპექციის თანამშრომლები სპეციალური მომზადების კურსებს დაესწრნენ, ხოლო შესყიდული იქნა 20 ერთეული ტრიციკლი, რაც პროექტის წარმატებით განხორციელების პირობებს აადვილებს“, – განაცხადა კალაძემ.