თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

„უმაღლესი დონის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასავენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.

შენობაში დამონტაჟდა გაგრილების სისტემა, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს როგორც ტენიანობის დონეს, ისე მაყურებლთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდა ორი ტაბლო და განათების სისტემა. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.

სპორტული კომპლექსი აღიჭურვა ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა-დანადგარით. იატაკის სპეციალიზებული იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ)“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.