თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში გვირაბების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ პროექტშია საუბარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მისაღებად უკვე მიმართა.

უფრო კონკრეტულად, საუბარია, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, თბილისიდან გასასვლელი/შესასვლელი საავტომობილო გზის, კერძოდ, თბილისი-ნატახტრის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტზე. რაც შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით, მოიცავს შემდეგ მონაკვეთებს:

მონაკვეთი 1 - თბილისის შესასვლელიდან („შკოდას“ ავტოცენტრის მიმდებარე ტერიტორია) თბილისის შემოვლითი გზის პერსპექტიულ სატრანსპორტო კვანძამდე (საგურამოს კვანძი).

მონაკვეთი 2 - საგურამო-ჟინვალის პერსპექტიული სატრანსპორტო კვანძიდან (საგურამოს კვანძი) ნატახტრის კვანძის მიმდებარედ არსებულ წეროვნის ახლად გაშენებული დასახლების გადასახვევამდე.

შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით, წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში დაგეგმილია ორი ახალი (შეწყვილებული) გვირაბის მოწყობა ქოშიგორას მთის ქვეშ.

უფრო კონკრეტულად, თბილისი ნატახტრის მიმართულებაზე მოსაწყობი გვირაბის სიგრძე შეადგენს 1,6 კმ-ს, ხოლო ნატახტარი-თბილისის მიმართულებაზე მოსაწყობი გვირაბის სიგრძე 1,9 კმ-ია. საერთო ჯამში გვირაბების ჯამური სიგრძე 3,5 კმ-ია.

საპროექტო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ გვირაბში საანგარიშო დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

ამასთან, ორი პარალელური, ცალმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილი გვირაბი 4-ზოლიანი და ერთმანეთის იდენტური იქნება. განსხვავება მხოლოდ მათ სიგრძეშია.

www.bpn.ge