„დღეისათვის, დასრულებული პროექტების შედეგად, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 302 კმ-ზე, ანუ 70%-ზე მეტი უკვე გახსნილია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. რაც ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობის მიზნით, 2025 წელს დასრულდება მიმდინარე მონაკვეთების მშენებლობა, რის შემდეგაც დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა; ასევე დასრულდება თბილისი-რუსთავის დარჩენილი 4-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა.
,,დაიწყება და დასრულდება რუსთავი - წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის მონაკვეთების მშენებლობა, დაიწყება ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობა, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დასრულდება საქართველოს აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების საზღვრებთან დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ მონაკვეთების მშენებლობა. დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა; ლილოს შემოვლითი გზისა და დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელ - გასასვლელის მშენებლობა“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.