თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის 3.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი დასრულებულია. გამარჯვებული კი კომპანია შპს „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალი გახდა. კომპანიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება 19 აგვისტოს გაფორმდა.

ტენდერში სულ 2 კომპანია მონაწილეობდა. ,,ტრანსპროექტის’’ სატენდერო შეთავაზება 4.332.750 ლარს შეადგენდა. შპს „კოკს კონსალტის” შეთავაზება კი 3.165.000 ლარს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტის სავარაუდო ღირებულებად 5.45 მლნ ლარი ჰქონდა დასახელებული.

ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყებს შპს „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალი პროექტირებაზე მუშაობას. უცნობია ასევე პროექტის ჩაბარების ვადებიც.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს ცემენტო ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით,კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილ საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთი ფონიჭალის დასახლებასთან გადის. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა მაღალია და პიკის საათებში რთულდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამართულად ფუნქციონირება. ფონდში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის უკვე ექსპლუატაციაში არსებული მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც  უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს. მოცემულ ეტაპზე, უნდა მოეწყოს დარჩენილი 3.3 კმ-იანი გზა.

შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2006 წელს. მისი დირექტორი გერმანიის მოქალაქე კარსტენ გრიზეა. „კოკს კონსალტი“ გერმანიაში დაფუძნებული კომპანიაა და ფილიალები ასამდე ქვეყანაში აქვს. კომპანიას ტრანსპორტის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელებული აქვს გერმანიაში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში და მოზამბიკში.