ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.

 

კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 5 000 კვ.მ ფართობია, საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, ტაბლო და საპარკინგე სივრცე, ხოლო პადელის ორი მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

 

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან და მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

„მთაწმინდის გამგეობამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მინდა, რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ევროპული სტანდარტების საფეხბურთო მოედანი. გულშემატრკივრებისთვის განთავსდა ტრიბუნა, მოეწყო საკალათბურთო მოედანი და საპარკინგე სივრცე. ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგებული და განათებულია. პარალელურად, ეწყობა პადელის მოედნები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. მიხარია, რომ ტაბახმელაში ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ პატარებს აქვთ ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც შეუძლიათ, ფეხბურთი, რაგბი ითამაშონ და ნორმალურ, თანამედრვე პირობებში გააგრძელონ ვარჯიში. ვულოცავ პატარებს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, რომელიც 45 პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს ოთხ საძინებელს, სველ წერტილებს, სასადილო ოთახს, გასახდელს, სამსაჯო და სამედიცინო ოთახს. ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

 

კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ.

 

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვეტერანი სპორტსმენები გაეცნენ.  

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს