ყველაზე სწორი იქნება, თუ ენერგეტიკულ სახელმწიფო საწარმოებში [ოპტიმიზაციის შედეგად] მობილიზებულ თანხებს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად მიმართავენ“, - ეს განცხადება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ BMGTV-ზე გააკეთა.

გადაცემა წერტილთან“ ინტერვიუში მან ვრცლად ისაუბრა ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და მის განახლებულ გუნდთან, GREDA-ს ორგანიზებით, ენერგეტიკის სექტორთან შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა ენერგეტიკის დარგში არსებულ პრობლემებსა და პოტენციალზე თითქმის ხუთი საათი ისაუბრეს.

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს განახლებულ გუნდთან შეთანხმდნენ, რომ სექტორთან კომუნიკაციას პერიოდული ხასიათი ექნება და შემდეგ შეხვედრებზე დროში გაწერილ კონკრეტულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმებს მოისმენენ, მათ შორის იმაზეც, როგორ შევძლოთ ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტოსადგურების აშენება.

მაია მელიქიძეს მიაჩნია, რომ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების ისტორიები, ამიტომ საქართველოს დაზიანებული საინვესტიციო იმიჯის გამო, საჭიროა, სახელმწიფომ შექმნას წარმატებული მაგალითი მარეგულირებელი ე.წ. დიდი ჰესების აშენებით.

ქალბატონმა მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, უშუალოდ სახელმწიფო, ენერგეტიკულ კომპანიებში ოპტიმიზაციის შედეგად, თანხების ეფექტიანად მობილიზება მოხდა. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც აღნიშნა, უშუალოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ საწარმოებში დანაზოგი 300 მლნ ლარს აჭარბებს. ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, თუ ენერგეტიკულ სახელმწიფო საწარმოებში [ოპტიმიზაციის შედეგად] მობილიზებულ თანხებს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად მიმართავენ. წარმატების მაგალითების შექმნა გადამდები იქნება მცირე და საშუალო ჰესების აშენებისთვისაც.

- ეს თქვენი სურვილია თუ ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ, ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული მილიონობით ლარის დიდი ჰესების ასაშენებლად მიმართონ?

ენერგეტიკის სექტორთან შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ასეთი წინადადება თქვა - ეს თანხები თავის დროზე რომ მიმართულიყო ისეთი სტრატეგიული ობიექტების ასაშენებლად, როგორიცაა ვთქვათ თუნდაც მსხვილი მარეგულირებელი ჰესები, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს“... ეს მოცემულობა კი არის ის, რომ აგვისტოს თვეშიც კი მოგვიწია, პირველად, ელექტროენერგიის იმპორტი. პირველად გვქონდა თბოელექტროსადგურები ჩართული და მოგეხსენებათ, თბოელექტროსადგურები სწორედ იმპორტირებულ გაზზე მუშაობს... ჰიდროელექტროსადგურების არაშენების პირობებში, მხოლოდ მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც არ უნდა დიდი იყოს ის, ის მაინც ვერ უზრუნველყოფს იმას, რა მიზანიც ჩვენ გაგვაჩნია - მივაღწიოთ ენერგოდამოუკიდებლობას.

- ჯერჯერობით, ნაადრევია იმის თქმა, რომ მარიამ ქვრივიშვილის განახლებულ გუნდს აქვს ხედვა, ენერგეტიკულ საწარმოებში გამოთავისუფლებული თანხები დიდი ჰესების აშენებას მოახმარონ?

მაქვს მოლოდინი, რომ რომ ამ საკითხზე იმუშავებენ... ერთია, თანხების დაზოგვა, მაგრამ მეორეა - როგორ დაიხარჯოს ის.

bm.ge