საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად აგრძელებს წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას ისეთ სოფლებში, სადაც ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა – ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„მოსახლეობის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კარალეთში, პატარა გარეჯვარსა და დიდ გარეჯვარში.
მშენებლობის პროცესს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის არარსებობის გამო, სამივე სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს.
პროექტით გათვალისწინებულია: 4 ერთეული ჭაბურღილის, 2000 მ3-იანი რეზერვუარის, საქლორატოროსა და 100-კმ-მდე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. დამონტაჟდება 2100 ცალი აღრიცხვის კვანძი.
სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც 5 100 ბენეფიციარი 24 -საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 35 მილიონ ლარზე მეტია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.