ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სკოლების მშენებლობას ახორციელებს.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ადგილზე გაეცნო. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა — 200 მოსწავლეზე.

პროექტის მიხედვით, სკოლებში სრულად აღჭურვება საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზები და მოეწყობა ეზოები.

ორივე სკოლა უზრუნველყოფილი იქნება ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით — გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემებით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სკოლების პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 12.5 მილიონ ლარს აღემატება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მომავალ თაობებს ხარისხიანი განათლების მიღების, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ინფორმაციას  ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.