„გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ 2025 წლის შემოდგომაზე, ქალაქ ქუთაისში გაიხსნას საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ ამ პროცესის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამჭვირვალედ და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას“- ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, რომელმაც ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ავთანდილ კასრაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, უკვე დასრულებულია დასავლეთის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა, ასევე აქტიურ ფაზაშია გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მასშტაბური რეაბილიტაცია, განახლებული ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, ინტერაქციული სამეცნიერო/ტექნოლოგიური მუზეუმის მოწყობის პროცესი და ა.შ.
„რაც შეეხება ხელოვნურ ტბას, ამ ეტაპზე არ ხდება მისი წყლით ავსება. მოგეხსენებათ, რომ გარე ხელოვნურ ტბას არასოდეს უფუნქციონერია საქართველოს პარლამენტის მუშაობის დროს, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა, აქედან გამომდინარე, ჭაბურღილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები, დავასრულეთ მისი გაწმენდაც და ახლა მიმდინარეობს წყლის მცირე ნაკადით მიწოდება იმისთვის, რომ დადგინდეს წყლის ხარისხი. ამ წყალს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები და აქედან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მოხდება მისი ნაკადის გაზრდა და მთლიანად შეივსება გარე ხელოვნური ტბა“ - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისივე განცხადებით, შენობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა შენობის შიგნით მაღალი ტემპერატურა და უჟანგბადობა, შესაბამისად, კასრაძის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს არამარტო შენობის გაგრილების სისტემის სრული რეაბილიტაცია, არამედ ახალი სიმძლავრეებისა და იატაკის გაგრილების დამატება.
„გამოცდილი არქიტექტურული ჯგუფი მუშაობს შიდა ინტერიერის განახლებულ დიზაინზე, დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზის, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა, ასევე ხაზგასასმელია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა - მუზეუმი, რომლისთვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე შეიძინა 50-მდე ექსპონატი, პირველ ვიზიტორს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.