საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო „გაეროს 2025 წლის ოკეანეების კონფერენციის“ ფარგლებში გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო „თანამშრომლობის ყველა ფორმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით - რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე“.
სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ მნიშვნელობაზე. ყურადღება დაუთმო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ ენერგოსისტემებთან დააკავშირებს.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს გლობალურ ინვესტიციას სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ემსახურება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ ინტერესებს, აძლიერებს კავშირებს, აჩქარებს მწვანე გარდაქმნას და ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ნინო თანდილაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა რეგიონული შესაძლებლობების გასაძლიერებლად ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა მონიტორინგი, აღსრულება, სამეცნიერო კვლევა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიით ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით ივაჭრონ.