უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ შემოდგომაზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გააქტიურდა.

როგორც BMG-სთან ინტერვიუში ასოციაციის პრეზიდენტმა, ნატო ბოჭორიშვილმა აღნიშნა, როგორც სექტემბერში, ასევე ოქტომბერში ბინების რეალიზაცია გაიზარდა, რაც მათ შორის დეველოპერების მხრიდან გააქტიურებულ შიდა განვადებებს უკავშირდება.

“ზაფხულში შემცირებული აქტივობის ფონზე, მოსალოდნელი იყო ბაზარზე დღევანდელი სიტუაცია, ანუ უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება, რაც პრინციპში, სექტემბრის სტატისტიკიდან გამომდინარეც უკვე ფაქტია, რომ აისახა.

სექტემბრის თვიდან შეინიშნება აქტიურობა, ბევრად უფრო მეტი ზაფხულის სეზონთან შედარებით. მოგეხსენებათ, რომ წინასაახალწლო პერიოდიც გვიახლოვდება და ეს მაინც დაკავშირებული არის უფრო შენაძენებთან, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი. რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი იწყება ახლა - დაახლოებით, ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როცა მაქსიმალურ შედეგებს აღწევს ხოლმე გაყიდვები, როგორც დეველოპერების, ასევე მეორად ბაზარზეც.

ზოგადად, დეველოპერების კუთხით უფრო მეტად შეინიშნება აქტიურობა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ის მოქნილი პროდუქტები, რაც ბაზარზე არსებობს დეველოპერების მხრიდან, ბევრად უფრო მიმზიდველია მოსახლეობისთვის, ვიდრე მეორეულ ბაზარზე ბინის შეძენა, რომელიც დაკავშირებულია მაინც ერთიანად თანხის მობილიზებასთან”, - განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 14.9%-ით გაიზარდა. დედაქალაქში გასულ თვეში 4,054 ბინა გაიყიდა.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 25.1%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

bm.ge