სემეკი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების მდგომარეობის ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს. ამჯერად, ტექნიკური ინსპექტირება კახეთის რეგიონში მიმდინარეობს. მოწმდება კახეთის ქსელის რეაბილიტაციის საინვესტიციო გეგმის შესრულების მაჩვენებლები.
სემეკი კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი.
აღნიშნული აკრედიტებული დამოუკიდებელი ინსპექტირების კომპანიის შესახებ სემეკმა მიმართა აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც ინსპექტირების კომპანიას აკრედიტაცია მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან შეუჩერდა.
სემეკი მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში სამშენებლო, სარემონტო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაბამისობას მოქმედ სტანდარტებთან, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ, ხარისხიან შესრულებას.
წყარო: energynews.ge