საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები გაიაფდა. 40 -ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულებამ, დაახლოებით, 1500-2000 დოლარით დაიკლო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა გივი ჩაჩანიძემ განუცხადა, თუ გასულ თვეებში 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი, დაახლოებით, 7000 დოლარი იყო, ახლა 5000 დოლარი ჯდება.

თუმცა, მისივე შეფასებით, ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია, რადგან წითელი ზღვის კრიზისამდე, ანუ 2024 წლის იანვრამდე, ამავე მოცულობის კონტეინერის გადაზიდვა, 3000 დოლარი ღირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 წელში, ზღვით საკონტეინერო გადაზიდვების საერთაშორისო ფასი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, მასზე მოთხოვნა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

„ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში, ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებში ამბობენ, რომ გადაზიდვების კუთხით, 2024 წელი საკმაოდ წარმატებული ჰქონდათ. ზრდის მაჩვენებლებზე მიუთითებს საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც, კერძოდ, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 მილიონ 562 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.8 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

კერძო სექტორში ფიქრობენ, რომ 2025 წელსაც, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები მზარდი იქნება. როგორც ისინი განმარტავენ, პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საფუძველს, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მაჩვენებლები აძლევთ.

გივი ჩაჩანიძის ინფორმაციით, COSCO SHIPPING LINES-ს იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 20%-ით გაეზარდა.

COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა „ბიზნესპარტნიორთან“ თბილისის მშრალი პორტის საკითხზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის პირველი მშრალი პორტი იქნება და არსებული ინფორმაციით, ფუნქციონირებას მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაიწყებს.

როგორც გივი ჩაჩანიძემ განმარტა, საჭირო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მათ სექტორში ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც აფერხებდა დარგის განვითარებას. ამიტომ, მისი თქმით, მშრალი პორტის ქონა საჭირო და აუცილებელია, მით უფრო, თუ საქართველოს უნდა რომ რეგიონში პოზიციონირებდეს როგორც სატრანსპორტო ჰაბი.

გარდა ამისა, გივი ჩაჩანიძემ ყურადღება გაამახვილა მშრალი პორტის მდებარეობაზეც და აღნიშნა, რომ მისი თბილისში განთავსება მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თუნდაც ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები, თბილისს გაივლის და აქ პორტის არსებობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს კონტეინერების ადრესატამდე მისვლის პროცესს, დაუზოგავს მას დროსა და ხარჯებს.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, არსებული ინფორმაციით, თბილისის მშრალი პორტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 50 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი არაბული კომპანია Abu Dhabi Ports Group-ის ინვესტიციებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, თბილისის „მშრალ პორტს" შესაძლებლობა ექნება, წელიწადში მიიღოს 200-250 ათასი კონტეინერი არა მხოლოდ ფოთიდან და ბათუმიდან, არამედ შუა აზიიდან, რომელიც შეინახება და გადაიტვირთება კონტეინერებში თბილისის „მშრალ პორტში" და შემდეგ, ტრანსპორტირება მოხდება ბათუმის, ფოთის და მომავალში ანაკლიის პორტებში.

bp.ge