დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში 6,5 მლნ ევროს ღირებულების მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება. უკვე გამოვლენილია საპროექტო და სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს. „გუმბათი ჰოლდინგი“ ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით განახორციელებს.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი გარემოს დაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს. მისივე თქმით, მერიას დაწყებული აქვს ახალი ლოკაციების მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა.
„პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოწესრიგდებოდა. აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს. დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისი კომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი. “, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი“ პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს.
,,ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მთლიანად მოიხსნება. კომპანია, „გუმბათი ჰოლდინგი“ ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.