„რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა. 

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთის დასრულება იგეგმება, პარალელურად კი ახალი პროექტებიც დაიწყება როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით.

,,აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, აქტიურ ფაზაში იყოს მაგისტრალების მშენებლობა. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობა, წელს გახსნილი გვექნება თბილისიდან ბათუმამდე მთლიანად მაგისტრალი სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გარდა.

რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს ჩრდილოეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეს არის კობი-ქვეშეთის და გველეთი-ლარსის მონაკვეთები. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სხვა მონაკვეთებზე ტენდერი.

მიმდინარე ტენდერი გვაქვს რუსთავი-წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობაზე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კახეთის მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები. იქაც ახალ მონაკვეთებზე უახლეოს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები და გაგრძელდება მუშაობა.

ჩვენ დავიწყეთ სამტრედია-ზუგდიდის მაგისტრალის დაპროექტება, ეს არის ახალი მონაკვეთი, რომელიც არ იყო გეგმაში. იმედი გვაქვს, სამშენებლო სამუშაოებზეც მალე გადავალთ. გარდა ამისა, ჩვენ ვიწყებთ სამხრეთის დერეფნის განვითარებას, ეს არის მარნეული, ახალქალაქი, ახალციხის მიმართულება, რაც მრავალმხრივს გახდის მაგისტრალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გაივლის",- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.