რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, მათთვის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი გაუგებარია.
„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.
„მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა“,- აცხადებს ალექსეი ოვერჩუკი.
ოვერჩუკის თანახმად, რკინიგზის აღდგენა უზრუნველყოფს რუსეთის დაკავშირებას აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან, რომელსაც სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის პორტებზე გასასვლელი აქვს.
