შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის სამელიორაციო სისტემებს გაეცნო და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გიგლა თამაზაშვილმა სარწყავი სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია; გენერალურმა დირექტორმა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართულად მუშაობის საკითხებზეც იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, იმერეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 32 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ექსპლუატაციის ფარგლებში, მოწესრიგდა და გაიწმინდა 1 078 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 1 555 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდა 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 270 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებულია 3385 ჰექტარი სავარგული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.