საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ თურქეთის სახელმწიფო წყლების გენერალური სააგენტოს დირექტორთან მეჰმედ აქიფ ბალთასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

მეჰმედ აქიფ ბალთამ ქართველ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია თურქეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების გენერალური დირექტორატის საქმიანობის მიმართულებებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ და აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის საქართველოს გაუზიაროს დაგროვილი ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება.

„ჩვენ გვაქვს სურვილი და მზად ვართ ჩვენი ტექნიკური გამოცდილება გავუზიაროთ მეგობარ ქვეყანას — საქართველოს. მზად ვართ, ვუმასპინძლოთ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებს, რათა ადგილზე გაეცნონ ჩვენს პროექტებს და შედეგებს,“ — აღნიშნა მეჰმედ აქიფ ბალთამ.

გიორგი კობერიძემ მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა თურქეთის წამყვან როლს თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

„თურქეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების, ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ პროექტებში,“ — განაცხადა გიორგი კობერიძემ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვედრას გამართავს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან. ასევე დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მსხვილი ობიექტების მონახულება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობების განხილვა.

დელეგაციის შემადგენლობაში, გიორგი კობერიძესთან ერთად, არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს