ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩა N18-ში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 29 ოჯახი.

მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა N18-ში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრამაა. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. მათ ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვთ მინიჭებული. აქ იდგა სამსართულიანი, გაუბედურებული ნაგებობა, რომელშიც 29 ოჯახი ცხოვრობდა. ეს ადამიანები დროებით ქირით გვყავს გაყვანილი, მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. შენობის კარკასი უკვე აშენებულია. სამუშაოები სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება და 29 ოჯახს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინები გადაეცემა. აღნიშნული პროგრამით ბევრი მოქალაქეა დაინტერესებული. დედაქალაქის მერია ყველა ადამიანს შეუწყობს ხელს, რომ რაც შეიძლება მეტი ავარიული კორპუსი ჩანაცვლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ასრულებს, 7 880 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. პროექტის ღირებულება 7 336 116 ლარია.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს