სამგორში, რაჭის ქუჩაზე, 11 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამავე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გზის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა.

ტერიტორიაზე ახალი ორფენიანი საფარი იგება და მიმდებარედ ბორდიურები წესრიგდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.

საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს ასფალტის ძველი საფარი ახლით 100 მისამართზე შეცვალა. ჯამში, ახალი საფარი 137 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.