ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია ეტაპობრივად 2025 წელს დასრულდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 235 მლნ ლარს შეადგენს.

„ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი საავტომობილო გზაზე აქტიურად მიმდინარეობს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია“, - აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ აბასთუმანი-საირმეს გზაზე ტრანზიტული ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს.

„ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვას და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმნის შემოვლითი გზა, აბასთუმნის გარდა, გვერდს უვლის კურორტ საირმესაც“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ 2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტი 2023 წლის ბოლომდე დასრულდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი