საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ესპანური წყლის მართვის კომპანიის Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორს სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასს და GWP-ის აღმასრულებელ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ ნაბიჯებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.
მინისტრმა სტუმრებს გააცნო რეგიონების ქალაქებსა და სოფლებში სტაბილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც სამინისტროს მართვაში არსებული “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობა, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს მაღალი ინტერესი სამინისტროს დაგეგმილი პროექტების მიმართ და დაადასტურეს მზადყოფნა, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები, მათ შორის გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი კობერიძე და მზია გიორგობიანი, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი გიორგი შონია, GWP-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე და კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი და რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი.
Aqualia ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი წყლის მართვის კომპანიაა, რომელიც რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ახორციელებს მდგრად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და თანამედროვე მომსახურებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს