ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, ისნის რაიონის გამგებელთან, აკაკი ხლაბუსტოვთან და საკრებულოს  მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად თბილისის 89-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და  მოსწავლეების მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა მათ დეტალურად გააცნო განახლებული ინფორმაცია  სკოლის სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უწყება არსებული პრობლემების  დასაძლევად  აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.


"გვესმის თქვენი გულისტკივილი და გულისწყრომა. გულწრფელად გიხდით ბოდიშს. სამწუხაროდ, ბევრი სკოლაა ანალოგიურ სიტუაციაში, არაგონივრული ვადებისა და გაჭიანურებული პროცესების გამო, რაც არასწორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბიუროკრატიული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ და ამ სკოლაზე სამუშაოები მალე დაიწყოს. ამასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას სკოლის მშენებლობის ტემპის გაკონტროლებაზე, რათა ის ეფექტურად და დროულად აშენდეს,”-აღნიშნა შეხვედრისას რევაზ სოხაძემ.


ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის 89-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დროულად დაიწყოს.


პროექტის მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლის მოსწავლეების მშობლებს და ადმინისტრაციას, ეტაპობრივად, პროცესის მიხედვით  მიაწვდის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება  და მის ადგილას ახალი სკოლა აშენდება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს