სიონის ტბაზე 5*-იანი სასტუმრო კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi, 2027 წლის ბოლოსთვის დასრულდება, - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა.
2 დეკემბრის მთავრობის განკარგულების მიხედვით, „სიონი ლეიქ რესორთ&სპას” საპრივატიზაციო პირობის ვადა შეიცვალა და 2027 წლამდე გადაიდო, მაშინ როდესაც პირველადი ხელშეკრულების მიხედვით პროექტი მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო.
კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონება აუქციონზე ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა. საპრივატიზაციო ხელშეკრულების მიხედვით, შპს „სიონი ლეიქ რესორთ და სპა“-ს დაევალა 60 თვის ვადაში „სიონის წყალსაცავის“ ნაპირის სიახლოვეს არსებულ ქონებაზე არანაკლებ 60-ნომრიანი სასტუმროს განთავსება, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა, სპორტული მოედნებისა და გამწვანება შექმნა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გახდა პროექტის საპრივატიზაციო პირობების 3 წლით გადავადების მიზეზი. როგორც კომპანია „არქიში“ გვითხრეს, მთავარი მიზეზი პროექტის მასშტაბების ზრდაა, რომელმაც თავდაპირველი ხელშეკრულების პირობების უფრო მეტად გაფართოება გამოიწვია.
„გასული წლის ბოლოს არქიმ ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად არქი ვალდებულებას იღებს, რომ აითვისოს სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ხელშეკრულების ფარგლებში, ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო მინიმუმ 60 ნომრიანი სასტუმროს აშენება, დამატებით კი სპორტული მოედნების, ტერიტორიის შემოღობვის, განათებისა და გამწვანების მოწყობა.
პროექტს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი მდებარეობიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ამ ტერიტორიაზე მოეწყოს თანამედროვე სტანდარტის ისეთი უნიკალური საკურორტო ზონა, რომელიც გამორჩეული იქნება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, უცხოელი ექსპერტებისა და გავლენიანი საპროექტო ორგანიზაციების ჩართულობით, არქიში შეიმუშავეს მსოფლიო მასშტაბის პრემიუმ ხარისხის კურორტის განახლებული კონცეფცია. აპარტოტელის ინტერიერის და ფასადის დიზანზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა: „Chapman Taylor Madrid Studio”-მ, რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერის დიზაინს: „De salles flint”-მა.
უფრო ზუსტად რომ ითქვას, 2023 წლის ბოლოს, არქიმ ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო სასტუმრო ქსელ - „Marriott“-თან, გამორჩეული პრემიუმ სეგმენტის ბრენდზე - „Le Meridien“. შეთანხმების ფარგლებში, საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა მსოფლიო დონის, მაღალი სეგმენტის კომპლექსი „Le Meridien Sioni Resort Lake & SPA by Archi“, რომელიც გააერთიანებს 128 სასტუმრო ნომერს, 5 ბლოკ აპარტოტეტლს 400 აპარტამენტით, ბარ-ლაუნჯებს, სხვადასხვა ტიპისრესტორნებს, ბიზნეს-ცენტრს, შეხვედრებისა და 500 კაციან წვეულებათა დარბაზებს, საერთაშორისო დონის სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, მათ შორის ზამთრის Infinity აუზს, ამფითეატრსა და ზამთრის ბაღს, აკვაპარკს, წყლის სხვადასხვა გასართობ ატრაქციონს, კინოთეატრს და სხვა მრავალ გასართობ თუ საკვებ ობიექტს.
აღნიშნულმა მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებებმა, თავისთავად გამოიწვია პროექტის მასშტაბების ზრდა და ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული თავდაპირველი ხელშეკრულების პირობების უფრო მეტად გაფართოება, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით დროს. თუ საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 60 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელსაც სჭირდებოდა დაახლოებით 15 მლნ ლარის ინვესტიცია, ახლა ხორციელდება გაცილებით დიდი საკურორტო ზონის მშენებლობა, რომლის ინვესტიციის ოდენობა 100 მილიონ დოლარამდე აღწევს. ამ მიზეზით, კურორტის მასშტაბებიდან გამომდინარე, არქიმ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება 2027 წლის ბოლომდე“, - აცხადებენ „არქიში“.