საქართველოს მთავრობამ პარლამენტში განახლებული სამთავრობო პროგრამა წარადგინა, რომელიც 2025-2028 წლებზეა გათვლილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს „რეგიონული ჰაბის“ ფუნქციას.
ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.
გაუმჯობესდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. განხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რისთვისაც, ჯამში, 240 მილიონი ლარი გამოიყოფა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო რეისებს. ამასთან, გაფართოვდება ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს, აეროპორტის გამტარუნარიანობა 1.7 მლნ მგზავრიდან გავზარდოთ 5 მლნ მგზავრამდე.
დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა, რომლის ფარგლებში, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი, სრულად განახლდება აეროდრომი და ასაფრენი ზოლი. პროექტი საშუალებას მისცემს კახეთის რეგიონს, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის.
დასრულებულია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებში, 2025 წელს დაიწყება ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები, რაც რამდენჯერმე გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას.