ტერმინი ენერგოუსაფრთხოება გულისხმობს სტაბილურ, მგდრად, დროულ და მისაღებ ფასში წვდომას ენერგორესურსებზე. დღეს ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია ელექტროენერგიის გარეშე. მისი მეშვეობით ფუნქციონირებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიც არიან საავადმყოფოები, წყალმომარაგების კომპანიები, გადაუდებელი დახმარების ობიექტები, საბანკო-საფინანსო სისტემა, ლოგისტიკა და მრავალი სხვა. თითოეული მათგანის მწყობრიდან გამოსვლა, რიგ შემთხვევაში, შეიძლება კატასტროფის ტოლფასი გახდეს.

თბოსადგურებს, რომლებმაც 2022 წელს გამოიმუშავეს 3,388 გვტ/სთ (საერთო წარმოების 23,8%-ი), აქვთ მნიშვნელოვანი დატვირთვა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში.  მათ სხვანაირად გარანტირებული სიმძლავრის საწარმოებსაც უწოდებენ, რადგან მკვეთრი დეფიციტის შემთხვევაში ისინი ქსელში აწვდიან ელექტროენერგიას, რითაც  ხდება მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსება. აღსანიშნავია, რომ წყალუხვიანი სეზონის დროს, როდესაც ხდება ჰიდროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობით გამომუშავება - თბოსადგურების წილი მცირდება და ხშირად აღწევს უმნიშვნელო დონეს.

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ და არ იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გარანტი გრძელვადიან პერიოდში, ვინაიდან იგი არის მეორადი ენერგიის წყარო, რომლის საწვავსაც წარმოადგენს იმპორტირებული ბუნებრივი აირი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იბადება ლოგიკური კითხვა - როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ისე, რომ თბოსადგურებზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები?

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა, თბოსადგურებზე დამოკიდებულების შემცირების ერთადერთი რეალური გამოსავალი განახლებადი ენერგიის, ანუ წყლის, ქარის თუ მზის ენერგიის გამოყენებაა. ბუნებრივია, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ამ რესურსებს შორის ყველაზე დიდი პოტენციალი წყლის, ანუ ჰიდროენერგიაში გვაქვს, თუმცა ქვეყნისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალიც. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ქარის საშუალო წლიური სიჩქარე მერყეობს 0,5-9,2 მ/წმ-ის ფარგლებში. ზოგიერთ რეგიონში 15 მ/წმ-საც აჭარბებს. კვლევები აჩვენებენ, რომ საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომელიც შეადგენს 1300 ტვტ/სთ-ს წლიურად. რაც შეეხება 4 მ/წმ სიჩქარის ელექტროენერგიის მარაგს - 4,5 მლრდ. კვტ/სთ-ს აჭარბებს.

ელექტროენერგიის გენერაციის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვიპოვით კავშირს ქარისა და წყლის ელექტროსადგურების გამომუშავებას შორის, რომელიც უკუპროპორციულია. მდინარის მოდინებაზე მომუშავე ჰესების გენერაცია ოქტომბრიდან მარტამდე მცირდება, რადგან მდინარეებში წელიწადის ამ დროს წყლის დონე იკლებს.  მეორე მხრივ, ეს პერიოდი ხასიათდება მაღალი ქარიანობით, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ქარის ენერგიის გამოსამუშავებლად.

საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებისთვის ზამთრის პერიოდი ყველაზე რთულია, რადგან ჩვენი ქვეყნის შიდა წარმოების დაახლოებით 80% სწორედ ჰესებიდან მოდის. ახალი ჰესების აშენებასთან ერთად, ქარის ენერგეტიკის განვითარება საშუალებას მოგვცემს წლის ყველაზე რთულ პერიოდში თბოელექტროსადგურებზე და, შესაბამისად, იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შევამციროთ და აღმოვფხვრათ კიდეც. წყლისა და ქარის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონეს გაზრდის, რადგან მდგრადი მიწოდების კომპონენტი გაძლიერდება. ამასთან საგრძნობლად შემცირდება აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შეძენილი ბუნებრივი აირის შესყიდვის თანხაც, რაც ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად აისახება. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით წყლისა და ქარის ენერგია მწვანე ენერგიებია, რაც გარემოსთვის გაცილებით უფრო სუფთა და უსაფრთხო ენერგიას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, თავისუფლად შეგვიძლია დავასვკვნათ, რომ ქარისა და წყლის ენერგეტიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია