"2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბაკურიანში შენდება ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ხოლო თბილისში - ყინულის სასახლე. პროექტირებისა და სამუშაოების წარმოებისას სრულად არის დაცული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა და სტანდარტი", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანსა და თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობისა და პერიოდული მისიების ფარგლებში, კომიტეტთან თანხმდება ნებისმიერი საკითხი.

"ამ პროექტების შედეგად, ქვეყანას ექნება ოლიმპიური სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ფესტივალის მიზნებისთვის, არამედ სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებისთვის დიდ როლს შეასრულებს", - დასძინა ქარსელაძემ.

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.

ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემებიც. დასრულების ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და სამუშაოები ორივე პროექტზე მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

„სუსტ გრუნტთან და გეოლოგიურ სირთულეებთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ბიატლონის ტრასის მიწის სამუშაოების 100% და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის 70% დასრულებულია. ასევე, სრულდება ყინულის სასახლის გადახურვის სამუშაოები, რითაც დასრულდება შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და დაიწყება საინჟინრო სისტემების მონტაჟი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ორივე ინფრასტრუქტურა, აუცილებელი სტანდარტის სრული დაცვით, მზად იქნება 2025 წლის ევროპის ზამთრის ფესტივალის ღირსეული მასპინძლობისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის გათვლილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30მ), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონესა და მაყურებლთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).

ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.