გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა და ინფორმაცია მოისმინა მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევების ფაქტები, უმეტესად, ბრაკონიერობას და ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას მოიცავს. შესაბამისად, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებენ 24 საათიან კონტროლს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. 2023 წლამდე, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოები ერთ ტერიტორიულ ორგანოში - აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში იყო გაერთიანებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს