„ქირაზე მოთხოვნა ძირითადად ისევ რუსებისგან მოდის,“ - ამის შესახებ უძრავი ქონების აგენტმა ტატო ტარიელაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ერთი წლის ჭრილში ქირაზე მოთხოვნა და ფასი თითქმის არ შეცვლილა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, უცხოელების მხრიდან, რუსების შემდეგ, ბელარუსები და ინდოელები აქტიურობენ.
„ბოლო ერთი წლის ჭრილში როგორც მოთხოვნის, ისე ფასების კუთხით, სხვაობა თითქმის არ არის. ალბათ, ფასები შეცვლილია მაქსიმუმ პლიუს-მინუს 10%-ით, ესეც პერიოდებს და უბნებს გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა სწავლის პერიოდი იწყება, თუმცა, ქირაზე მაღალი მომართვიანობა არ არის. ალბათ, ტურისტების რაოდენობას უკავშირდება. ასევე, ზოგიერთ უნივერსიტეტში შესაძლოა, სწავლა გვიან იწყება. უფრო დაზუსტებით მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება.
რაც შეეხება სეგმენტს, ქირაზე მოთხოვნა ძირითადად ისევ რუსებისგან მოდის, შემდეგ არიან ბელარუსები, ასევე უკრაინელებიც, მაგრამ მათ სხვა ქვეყნებში უფრო კარგ პირობებს სთავაზობენ და აქ უკვე ნაკლებად ჩამოდიან. ასევე, მოთხოვნა არის ინდოელების მხრიდანაც, რომლებიც ყოველთვის იყვნენ და რა თქმა უნდა, ისევ არიან. ევროპიდანაც არიან, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. უფრო რუსები ქირაობენ, ძირითადად 1 წლით. არ ვიცი ეს რა მიზნით ხდება, ბინადრობის მიღება უნდათ თუ რატომ, ამას ვერ გეტყვით“, - ამბობს ტატო ტარიელაშვილი.
რაც შეეხება მოთხოვნად ტერიტორიებს, მისი თქმით, ქირაზე მოთხოვნა ძირითადად სასწავლო დაწესებულებებისა და კლინიკების მიმდებარე ტერიტორიაზეა.
„უცხოელები ძირითადად ისეთ ადგილებს ეძებენ, სადაც უნივერსიტეტები და სამედიცინო კლინიკებია. იმიტომ, რომ უცხოელების 70%, ვინც ქირაობს, სტუდენტები არიან.
რაც შეეხება მათი მხრიდან კონკურენციას, მსგავსი შემთხვევები არის. ალბათ, 20-დან 1 უცხოელი შედარებით დაბალ ფასად ქირაობს უძრავ ქონებას და შემდეგ ცოტა უფრო მაღალ ფასად აქირავებს. ბოლოს ინდოელთან გვქონდა ასეთი შემთხვევა, იქირავა გოგონამ და აღმოჩნდა, რომ ბიჭები ცხოვრობდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენზე რაიმე გავლენას ახდენს, რადგან საკმაოდ იშვიათია მსგავსი შემთხვევები და ჩვენ საქმიანობაზე არ ისახება,“ - ამბობს ტატო ტარიელაშვილი.