აბასთუმანში დამსვენებელს ნაკლებად შეხვდებით. კომერციული ობიექტების უმეტესობა, რომელიც ზაფხულში მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდა, დაკეტილია ან შეზღუდულად მუშაობს.

აბასთუმანში რესტავრირებული სახლების უმეტესი ნაწილი ღამის საათებში ჩაბნელებულია, ახალ რესტავრირებულ პარკში კი თითქმის არავინაა, მხოლოდ სტადიონზე თუ ნახავთ ბავშვებს.

ერთადერთი მიზიდულობის ცენტრი შემოდგომაზე აბასთუმნის ობსერვატორიაა.

ობსერვატორია ახლა, როცა დამსვენებელი არ არის, ძირითადად სასკოლო ექსკურსიებს ემსახურება. აქ მისასვლელ სამანქანო გზაზე ხშირად შეხვდებით სამშენებლო მასალებით დატვირთულ მანქანებსაც.

ერთ-ერთი ტურისტული ობიექტის მენეჯერი ყვება, რომ წელს აბასთუმანი დამსვენებლისგან აგვისტოს ბოლოს სრულად დაიცალა: „გვქონდა იმედი, რომ სექტემბერშიც იქნებოდა მოთხოვნა და ვიმუშავებდით, მაგრამ ასე არ მოხდა“ – ამბობს ის.

სასტუმროს მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ მომხმარებელი შემოდგომაზეც მიიზიდონ, ამბობენ, რომ კურორტის განვითარება ნელი ტემპით მიდის, რაც მათ ხელს უშლით განახორციელონ რიგი პროექტები კურორტზე საშემოდგომო აქტივობების დასაგეგმად.

აბასთუმნის ცენტრი- რესტავრირებული სახლები

აბასთუმნის ცენტრი – რესტავრირებული სახლები

აქ ამბობენ, რომ ის ინვესტორები, ვინც აღებული ვალდებულება დროულად შეასრულეს, ზარალდებიან მათ გამო, ვინც პროექტებზე სამუშაოები წლების განმავლობაში გაწელა და დღესაც არ დაუსრულებია:

„ხარჯები ძალიან დიდია, სტაფი უნდა შევინარჩუნოთ მთელი ზამთრის განმავლობაში, სერვისებიც უნდა შევინარჩუნოთ. ვალდებულება გვაქვს, რომ ზამთარში არ დავიკეტოთ, მაგრამ დამსვენებელი რეალურად აღარ გვყავს. დიდი პროექტები რომ დასრულებულიყო – აბანოები, სასტუმროები – კურორტი უფრო ამუშავდებოდა. არც გზის მშენებლობაა დასრულებული“ – ამბობს  ერთ-ერთი მენეჯერი.

ეს შენობა სახელმწიფოს ბალანსზეა – რესტავრირებულია მხოლოდ ფასადი

სასტუმროები, რომლებსაც მუშაობა არ შეუჩერებიათ, ახლა სპეციალური შეთავაზებით ცდილობენ მომხმარებლის მიზიდვას, თუნდაც მოკლევადიანი ვიზიტების შეთავაზებით.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებში გასაქირავებელ ბინებს – რამდენიმე მეპატრონეს სოციალურ ქსელში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დავურეკეთ და ბინების/ოთახების გაქირავებაზე ვკითხეთ. მათ გვითხრეს, რომ სეზონი დასრულებულია, გამორთულია გათბობა და აღარ არის პირობები, რომ ბინა გაქირავდეს. მესაკუთრეების ნაწილი ძირითადად ახალციხეში ცხოვრობს და ზამთარს იქ ატარებს, აბასთუმანში კი ზაფხულის სეზონის მოახლოებისას ბრუნდებიან.

აბასთუმანი – რესტავრირებული სახლები

რესტავრირებული სახლი აბასთუმანში

ოთახის დაქირავება რესტავრირებულ სახლშიც შეიძლება, თუმცა რესტავრირებული ხშირად აქ მხოლოდ ფასადია. ამ სახლებში შესვლას ან ფანჯრებიდან შეხედვას თუ მოახერხებთ, უმეტესწილად დაგხვდებათ ძველი საბჭოთა ინტერიერი, ზოგან რეალურად იმ დროინდელი, შემორჩენილი საღებავით და ძველი კარით.

აბასთუმანში ერთი ღამით ბინის დაქირავების ფასი კერძო ბინებში არასაკურორტო სეზონზე 120 ლარიდან იწყება, სასტუმრო სექტორში – 170 ლარიდან, ამაში სხვა მომსახურება, მაგალითად საუზმე არ შედის. ზაფხულში კი სტანდარტული ნომრის ფასი 250 ლარიდან იწყება.

გაზრდილია ქონების გასაყიდი ფასიც. შენობაზე გამოკრული ბანერის მიხედვით იყიდება აფთიაქის ცნობილი შენობა აბასთუმნის ცენტრში – ერთი კვ.მეტრის ფასი აქ 2500 დოლარიდან იწყება. რესტავრირებულია მხოლოდ შენობის ფასადი.

აფთიაქის შენობა

ჯერ ისევ დასრულებული არ არის ფასადების რესტავრაცია- რეაბილიტაციის პროცესი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონტრაქშენი“ აწარმოებს, ადგილზე გვითხრეს ისიც, რომ შესრულებული სამუშაოები რიგ შემთხვევებში დაიწუნეს და კომპანიას ხარვეზების გამოსწორებაზე დამატებითი ძალისხმევის გაღება მოსთხოვეს.

კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ.

აბასთუმანში, ყოფილ სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე [18 545 კვ მეტრი] ფართობზე სასტუმროს შპს „ცისარტყელა“ აშენებს. კომპანია ტურიზმის განვითარების ფონდს ეკუთვნის, რომლის ასი პროცენტიც ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა. „ქართუ“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია.

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, შპს „ცისარტყელამ“ ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია 2018 წელს უპირობო აუქციონით იყიდა და 1,8 ჰექტარ ფართობზე სასტუმრო „პარაგრაფ აბასთუმანს“ აშენებს. ამ პროექტზე მედია ადრეც წერდა.

მშენებარე პროექტი

აბასთუმანში შპს „სანაპიროს ხედის“ უკვე თითქმის დასრულებული პროექტის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები შეისყიდა და მშენებლობა დაიწყო შპს „ემერალდმა“ – ამ კომპანიის ასივე პროცენტი „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

„ემერალდი“ 2018 წელს ირაკლი კაცაძეს დაუფუძნებია, მალევე მან კომპანია „ქართუ ჯგუფს“ სიმბოლურ ფასად, 100 ლარად მიჰყიდა, მანამდე კი ელექტრონულ აუქციონზე აბასთუმანში შეისყიდა მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ, რომლის ფართობიც 3000 კვ.მეტრზე მეტია.

ივანიშვილმა აბასთუმანში სახლიც აშენა, რომლის შესასვლელშიც ხელოვნური კლდე მოაწყო, ამ სახლს და ეზოს შემოვლებული აქვს მაღალი ღობე, რომლის გამოც გზიდან სახლის ფასადის ფოტოს გადაღება ვერ შევძელით.

ხელოვნური კლდე ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანიები აბასთუმანში 2 სამშენებლო პროექტს ასრულებენ. შპს „სასტუმრო პოექტი“ აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე სასტუმროს აშენებს, კომპანიის საკუთრებაშია 7823 კვ. მეტრი ფართობი. გარდა ამისა, აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის სხვა კომპანია -„სამეფო აბასთუმანი“ ამავე ქუჩაზე კიდევ ერთ კომპლექსს ასრულებს – აქ პაპაშვილის კომპანია 8374 კვ.მეტრ ფართობს ფლობს.

ლაშა პაპაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „აღობილი“ აბასთუმანში, „აღობილის დასახლებაში“ 7 ჰექტარზე, მრავალფუნქციური ობიექტის გახსნას გეგმავს. მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

ლაშა პაპაშვილი არის ბიზნესმენი, რომელსაც უკავშირდება „სკინტლის სკანდალი“ – პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. მის საწარმოში ყიდულობდნენ რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ლაშა პაპაშვილის მშენებარე პროექტთან ახლოს, ასათიანის #2-ში 6168 კვ მეტრ ფართობს ფლობს თემურ ბიწაძე, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი და „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია. თემურ ბიწაძე, ისევე როგორც ამავე კომპანიის პარტნიორები, „ოცნების“ შემწირველია.

რესტავრირებული სახლი აბასთუმანში

აბასთუმანი

აბასთუმანში რიგი სახლების რესტავრაცია ახლაც მიმდინარეობს.

batumelebi.netgazeti.ge