საქართველოს მთავრობა თბილისის შემოვლითი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვას დაიწყებს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 19 სექტემბრის განკარგულებაში არის აღნიშნული.
განკარგულების თანახმად, გამოსყიდვის პროცედურები დაიწყება ორ ლოტზე - წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი გზის და ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე. განკარგულების მიხედვით, გამოსყიდვის პროცესს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმართავს. ამასთან, მიწების გამოსყიდვა აზიის განვითარების ბანკის სოციალური პოლიტიკის შესაბამისად უნდა წარიმართოს, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა გზის დაფინანსებაზე მოლაპარაკებას სწორედ ADB-სთან აწარმოებს. განკარგულებაში არაა მითითებული, თუ რა დაჯდება ორივე ლოტზე მიწების გამოსყიდვა.
შემოვლითი გზის პროექტი რამდენიმე ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.
რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინისუბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.
მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11.6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10.7 კილომეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გზის ოთხივე ლოტთან დაკავშირებით 2024 წლიდან მიმდინარეობს გზშ და სანებართვო პროცედურები.