განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ენერგოობიექტების მიერ გადახდილ ქონების გადასახადთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია გააქტიურდა.
როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ენერგეტიკის სექტორისთვის კვლავ აქტუალურია იმ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, რომლითაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილი უშუალოდ იმ თემსა და სოფელში უნდა დარჩეს, სადაც ესა თუ ის პროექტი შენდება.
მაია მელიქიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კვლავ ათეულობით ენერგოპროექტის მშენებლობაა შეჩერებული, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ მოსახლეობასთან გაჭიანურებული მოლაპარაკებებია.
„რაც დრო გადის, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი იზრდება და ბუნებრივია, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ გენერაციის მაჩვენებელი მოხმარებას მიუახლოვდეს. სწორედ ამას ემსახურება GREDA-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თავის თავში მოიცავს შემდეგს - ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც მომავალში აშენდება და გადაიხდიან ქონების გადასახადს ადგილობრივ ბიუჯეტში, კონკრეტული პროცენტი მოხმარდეს იმ სოფელს, სადაც შენდება ჰიდროელექტროსადგური, რათა ეს იყოს გრძელვადიანი სარგებლის მიღების შესაძლებლობა და მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, რომ დააინიცირონ მათთვის საინტერესო პროექტები.
პროექტების ძალიან დიდი ნაწილი, გაჩერებული პროექტების დაახლოებით 80%, სწორედაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტიდან გამომდინარეა შეჩერებული. ეს არის ძირითადი ლოგიკა, რომელიც აფერხებს ინვესტორებს. ინვესტორები მარტო არიან დარჩენილნი ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ჭრილში და აქ ჩვენ ვხედავთ მუნიციპალიტეტების აქტიურობას, მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საკმარისი არ არის. მოსახლეობა უფრო მეტს ითხოვს და ამ „მეტს“ აძლევს მათ ეს კანონპროექტი.
ჩვენ ნამდვილად დიდ საჭიროებას ვხედავთ იმისა, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად იყოს მიღებული უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ეს არ იქნება მარტო საქართველოს პრაქტიკა. ეს არის ნორვეგიის, ავსტრიის, განვითარებული ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკა, რომელმაც ეს გზა გაიარა. ბოლო პერიოდში [ეკონომიკის] სამინისტროს წარმომადგენლები ჩვენთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან აღნიშნულ საკითხზე, ითხოვენ დამატებით ინფორმაციას, კანონპროექტში ჩადებული ესა თუ ის მუხლი თუ პოსტულატი თავის თავში რას მოიცავს და პრაქტიკაში როგორ ხდება მისი აღსრულება. ასევე ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ინიციატივის რეალურად ამოქმედება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით და ამასთანავე სოფლის მოსახლეობის ჩართულობით. ამ კითხვებზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ გავცეთ პასუხი. ჩვენ ვხედავთ ნამდვილად წინ გადადგმულ ნაბიჯებს და მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ვინაიდან რამდენიმე წელია ჩვენ უკვე ამას ველოდებით“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, GREDA-ს უკვე რამდენიმე წელია მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.