მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია და აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი გარშემო მიმდინარე რთული მოვლენების ფონზე.
„საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას და, დღეს, ეს როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი იმ რთული მოვლენების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. არაერთი კონფლიქტია ჩვენს გარშემო, ამ პირობებში, საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში და შესაბამისად, საქართველო დღესაც ასრულებს განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, მომავალში კიდევ უფრო შეუძლია ქვეყანას ამ როლის გაძლიერება. ამისათვის ჩვენ ვაღრმავებთ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან და მოგეხსენებათ, არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის, ჩემი მონაწილეობით ამ მიზნით, ასევე, ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა გასული ერთი თვის განმავლობაში არაერთი ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. სწორედ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ყველა ეს ღონისიძება და ინიციატივა. მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. მათ შორის, დიდი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები და ა.შ. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გავუძლიეროთ მისი სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით,“- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს