"არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც ენერგეტიკულ კომპანიებს ვადების გადაცილება და შესაბამისად, ჯარიმების დაკისრება უწევთ. ხშირ შემთხვევაში, პრობლემა არა ინვესტორში, არამედ სოციალურ ფაქტორებშია" - ამის შესახებ BMG-სთან ET SYNERGY-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე საუბრობს.
„არაერთი პროექტი შემიძლია დაგისახელოთ ჰიდროენერგეტიკაში, რომელიც გაჩერებულია სოციალური ტურბულენციის გამო. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ვერ ხერხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც კომპანია პროექტს განახორციელებდა, ბუნებრივია, რომ სახელმწიფომ უნდა ჩამოაწეროს ეს სანქციები. კომპანიის ბრალი ნამდვილად არ არის, თუ გარეთ დახვდა ხალხის თავყრილობა, რომელმაც ხელი შეუშალა თუნდაც მცირე, 3-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას“, - აღნიშნავს ET SYNERGY-ის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, ეს შეღავათი ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული, რათა დახმარება მიიღონ იმ რეალურმა მწარმოებლებმა, რომლებიც ვალდებულებების შესრულებას გარე ფაქტორების გამო ვერ ახერხებენ.
ლომინაძის განმარტებით, ენერგეტიკაში მთავარი ეკონომიკური პრინციპი მოქმედებს: მიწოდების ზრდა ფასს ამცირებს. ჯარიმების ჩამოწერით გამოთავისუფლებული თანხები სწორედ ახალი სიმძლავრეების დროულად ამუშავებას მოხმარდება.