„ჯარის ქალაქის“ აშენების ₾144 მილიონიანი ტენდერი „ანაგმა“ მოიგო - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.

ახალი ჯარის ქალაქი მახათას მთაზე, სახელმწიფოს კუთვნილ 100,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ჯარის ქალაქის მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 39 ერთეული, 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

ტენდერში მონაწილეობას სულ ორი კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ და „ანაგი“ იღებდნენ. სამინისტროს მიერ ტენდერში კომპანიებისთვის მოთხოვნილი გამოცდილება მინიმუმ 300 მილიონი ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარის ქალაქში ბინების შეძენას სამხედრო სამსახურში დასაქმებულები კვადრატულზე 100 დოლარად შეძლებენ.

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“-ს მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში დასრულებულია 39 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც ბინით უზრუნველყოფს 1092 თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეს. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დაიხარჯა 92,714,533 (ოთხმოცდათორმეტი მილიონ შვიდას თოთხმეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარი.