გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ერთის მხრივ, ახალი შენობების მშენებლობა და მეორეს მხრივ, საინვესტიციო მიზნებით კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას.
„ჩვენი საჯარო მოსამსახურეებისთვის შრომის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, გვაქვს ასეთი გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ჯერ დაზუსტებული არ არის, რომელ უწყებებს შეეხება. ეკონომიკური აქტივობა ერთი მხრივ იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც და მეორე მხრივ, როდესაც საინვესტიციო მიზნებით მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობას გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული პროექტირების ბაზრის მოკვლევის თანახმად, ადგილზე გადავლენ როგორც სამინისტროები, ასევე თბილისის მერია, მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი.
