,,წარმატებულ პროექტებს თუ გავიხსენებთ, თითქმის ყველაში სახელოვანი ევროპული კომპანიები მონაწილეობდნენ",- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფანჯაკიძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, წარუმატებელი პროექტები ძირითად იმ კომპანიების ბალანსზეა, რომლებსაც პროექტებს თავიანთ ქვეყნებშიც არ ანობენ.
,,ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით არსებული პრობლემები მომდინარეობს იქიდან, რომ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების მიმართულებით და იმის მაგივრად, რომ რაღაცნაირად გამოცდილება დაუგროვდეთ კომპანიებს, მუდმივად ხდება ახალ-ახალი კომპანიების გაჩენა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათი ჩართვა. ბევრი ფაქტორია, მაგრამ მთავარი და ფუნდამენტური არის ცოდნა, რომელიც მარტივი მოსაპოვებელი არ არის. წარმატებულ პროექტებს თუ გავიხსენებთ, თითქმის ყველაში სახელოვანი ევროპული კომპანიები მონაწილეობდნენ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ესენი არიან - ზოგი შემთხვევითი მოთამაშე, ზოგი სხვა ქვეყნიდან აქეთ წამოსული ისეთი კომპანიები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში დიდი ავტორიტეტით ვერ სარგებლობდნენ. შესაბამისად, ვიღებთ არაკომპეტენტური ხალხის მიერ განხორციელებულ პროექტებს",- ამბობს ფანჯაკიძე.
მისი თქმით, ქართული კომპანიები ტენდერებში მონაწილეობისთვის ყოველთვის გზებს პოულობენ, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ,,შავ სიაში" არიან.
,,ალბათ, არ არსებობს ისეთი შემზღუდავი ნორმატიული აქტი, რომლის გვერდის ავლა არ შეიძლება. ქართველები ხომ ნიჭიერები ვართ და რაღაც გზების გამონახვა ყოველთვის ხერხდება. მაგალითად, გამოუცდელი კომპანია ტენდერში შედის გამოცდილ კომპანიასთან კოლაბორაციით. მოკლედ, ნებისმიერ ფასად ახერხებენ იმგვარად სტრუქტურირებას, რომ ტენდერებში მონაწილეობა მიიღონ. მეორე მხრივ, მსმენია „შავი სიის“ შესახებ. ანუ კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, ხვდებიან ამ რაღაც სიებში, თუმცა, მათი მფლობელები, მენეჯმენტი, ნახულობს ალტერნატიულ გზებს, რომ სხვა კომპანიების მეშვეობით ჩაერთონ პროცესში. შეიძლება, არ იყოს ძირითადი კონტრაქტორი, მაგრამ ქვეკონტრაქტორი გახდეს. რაღაცნაირად ამ სისტემაში ცურვას მაინც ახერხებენ. მეორე ამბავი კიდევ ის არის, რომ სახელმწიფო, როგორც დამკვეთი, მოთხოვნების ნაწილში ზედმეტად ხისტია. შედეგად, კომპანიებს ეკისრებათ ხოლმე სერიოზული ფინანსური სანქციები, რაც პროექტს ზარალიანს ხდის, რის კომპენსირებასაც კომპანიები ხარისხის გაფუჭების ხარჯზე ცდილობენ",- აღნიშნა თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფანჯაკიძემ.