ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათში დაიკეტება, - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ალირეზა ტანგსირი იუწყება. 

შეგახსენებთ, ლოგისტიკის ექსპერტების დათვლით,  თუ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოხდა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის პარალელურად, პრობლემა შეიქმნება საზღვაო გადაზიდვებთან მიმართებით.  საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განმარტებით,  თქმით, სრუტის ბლოკადის შემთხვევაში გადამზიდავები აფრიკის შემოვლით გზას მიმართავენ, თუმცა ეს გზა გააძვირებს ხარჯებს, სადაზღვევოს პრემიასა და გაზრდილის გადაზიდვების დროსაც. ცენტრის პრეზიდენტის, პაატა ცაგარეიშვილის თქმით, დაძაბულობის პარალელურად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა საკონტეინერო გადაზიდვებს დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში გააძვირებს.

„თუ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოხდა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის პარალელურად, გარკვეულწილად, პრობლემა შეიქმნება საზღვაო გადაზიდვებთან მიმართებით. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰუსიტების შეტევების შემდეგ საზღვაო გადაზიდვები ადაპტირებულია უკვე აფრიკის შემოვლითი მარშრუტის გამოყენებაზე. ამ ნაწილში უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი, რომ ბლოკადის შემთხვევაში დიდი საკონტეინერო და სხვა ტიპის გემები შემოვლით გზაზე გადაერთონ. აღსანიშნავია ისიც, რომ მარშრუტის ამ კუთხით ცვლილება, პირველი და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, კონტეინერებისა და პროდუქციის ღირებულებას დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში გააძვირებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გააძვირებს სადაზღვევო პრემიას და ამ კუთხით გაწეულ ხარჯებს. გარდა ამისა, მარშრუტის ცვლილება გაზრდის ტვირთის გადატანის დროსაც. საბოლოოდ, ეს ყოველივე აისახება ფინანსურ ეკვივალენტში“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ პაატა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ირანი არაერთხელ დაიმუქრა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ეს სრუტე აკავშირებს სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას. ამასთანავე, ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის მეოთხედს ატარებს და Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მისი ბლოკადით ნავთობის ფასებმა ბარელზე შესაძლოა, 100 დოლარსაც კი გადააჭარბოს. Sky News წერს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანისთვის იქნებოდა უკიდურესი ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სრუტით სარგებლობს კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთი, რაც, გარკვეულწილად, მათთან ირანის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს.