სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს მელიორაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 3,6 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

,,საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ მასშტაბურ სამუშაოებს.  ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე პროექტი წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 600 ათასი კუბით გაიზარდა, რაც, განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია წყალსაცავზე მიბმული მიწის ფართობების წყლით უზრუნველყოფისთვის.  აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვიზიდეთ უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციები, დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე მეტი, 4 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. აღნიშნული ინვესტიცია მოემსახურება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მომავალ წელს სამუშაოები იქნება მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, როგორც მათი პროდუქტიულობის, ასევე, მოსავლის ხარისხის ზრდის კუთხით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გელა სამხარაულმა კახეთის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წელს, მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 14 პროექტი ხორციელდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ბოლო პერიოდში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, წყლით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა.

ლაკბეს წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოები მის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც ქვემო სამგორის  სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს; შედეგად, 2755  ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და  მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.