„გაუგებარია თელავში შიდა ფრენებისთვის აეროპორტის მშენებლობა, ეს ერთადერთი შესაძლოა „გავამართლოთ“ კორუფციით, რომ ვიღაცას ფულის დახარჯვა ან გაწერა უნდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის თებერვალში თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ხმალაძე არქიტექტორების“ ტერმინალის არქიტექტურული პროექტი 296 000 ლარი დაჯდებოდა.

იმავე წლის მაისში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ თელავის აეროპორტი 2025 წლის მაისისთვის პირველ ფრენებს მიიღებდა. თუმცა, მშენებლობა არც კი დაწყებულა.

„ბიზნესპრესნიუსს“ ივნისში აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, რომ ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტის გათვალისწინებით, თელავის შიდა ფრენებისთვის განკუთვნილი აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია გახდა საჭირო. ამის შემდეგ ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „თელავის აეროპორტი საკმაოდ ძვირი პროექტი იყო და ხდება ამ პროექტის ოპტიმიზაცია“.

HUB Georgia-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ თელავში შიდა ფრენებისთვის განკუთვნილი აეროპორტის მშენებლობა, არც კომერციულად იქნება მომგებიანი და არც ეკონომიკურად მიზანშეწონილი. კოდუა ამ პროექტში ავიაციის სფეროს ინტერესს ვერ ხედავს.

„გაუგებარია თელავში შიდა ფრენებისთვის აეროპორტის მშენებლობა, ეს ერთადერთი შესაძლოა „გავამართლოთ“ კორუფციით, რომ ვიღაცას ფულის დახარჯვა ან გაწერა უნდა. კიდევ გასაგები იქნებოდა, თელავში რომ აშენებულიყო საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ქუთაისს. ქუთაისი ხომ დაფრინავს ძირითადად ევროპის მიმართულებით და კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ევროპა-თელავი Low Cost კატეგორიაზე გათვლილი და ღვინის ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურები პირდაპირ თელავში ჩასულიყვნენ. მაგრამ რომ გამოცხადდა, შიდა აეროპორტი აშენდება თელავშიო, გაკვირვებული დავრჩი.

რას ნიშნავს შიდა აეროპორტი თელავში? თბილისიდან თელავამდე არის დაახლოებით 90 კილომეტრი, კეთდება გზები, დაახლოებით 1 საათი დასჭირდება საავტომობილო გზას, მითხარით, რა აზრი აქვს რეისს ამ პირობებში?! ვინ გადაიხდის 200-300 დოლარს თბილისი-თელავის ბილეთში?! ჩაფრინდებიან 15-20 წუთში, აეროპორტში დარეგისტრირება და სხვა დეტალები იმხელა დროს წაიღებს, რომ მანქანის დროს გაუტოლდება. თუ მაგალითად გათვლა აქვთ თელავი-ბათუმზე, რატომ უნდა წავიდნენ ამ მარშრუტით? თბილისიდან ან ნატახტარიდან რატომ არ წავა მგზავრი და რატომ წავა თელავიდან?

თელავის შიდა აეროპორტის ფუნქცია ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ფული არ იციან სად წაიღონ და დახარჯვა უნდათ და ამ გზით მიდიან, მაშინ მესმის. მაგრამ ეს არ არის გათვლილი კომერციულ მოგებაზე, ეკონომიკურად ეფექტურობაზე და მგზავრებზე. უცხოელი თუ ჩამოვა თბილისში, მერე თელავში 200 დოლარად უნდა წავიდეს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბორტიც არ არსებობს მსოფლიოში, რომელიც ეკონომიკურად ეფექტურს გახდის თბილისი-თელავის მიმართულებას - ისეთი თვითმფრინავის ტიპი უნდა იყოს, რომ მოგება ნახოს და შემდეგ ფული გადაუხადოს აეროპორტს, ასეთი არ არსებობს მსოფლიოში. სრული არაპროფესიონალიზმია, ავიაციის ინტერესს ამაში ვერ ვხედავ. თელავის აეროპორტში შიდა ფრენები, სულ მინიმუმ სასაცილოა,“ - განაცხადა კოდუამ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი