გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარისგან დამზადებული დაახლოებით 40 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს და სათანადო რეაგირება მოახდინეს.
უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.